ქართული და ბრიტანული სამხედრო ორკესტრების ერთობლივი კონცერტი
10 ივნისი 2019

ქართველ და ბრიტანელ ხალხთა შორის კულტურათა დიალოგის პროცესის გაძლიერებისა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მესამედ ესტუმრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს არმიის სამხედრო ბენდი The Salamanca Band & Bugles of The Rifles.

ბრიტანელმა მუსიკოსებმა საქართველოს თავდავის სამინისტროს სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად ევროპის მოედანზე კონცერტი გამართეს. The Salamanca Band & Bugles of The Rifles“ მუსიკოსებმა მეტეხის ხიდზე მარშირება მოაწყვეს და  ქართველ კოლეგებთან ერთად გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ჰიმნები შეასრულეს. სამხედრო მუსიკოსებმა კონცერტზე მსოფლიო მუსიკალური ჰიტები შეასრულეს.  

ღონისძიების ორგანიზატორები  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ბრიტანეთის საელჩო და თბილისის მერია იყო. ბრიტანული სამხედრო ბენდი საქართველოში 5-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა და კონცერტები მთაწმინდის პარკში და ფაბრიკაშიც ჩაატარეს.

„The Salamanca Band and Bugles of The Rifles“ გაერთიანებული სამეფოს სამხრეთ-დასავლეთის ერთადერთი ტერიტორიული არმიის ბენდია. ბენდს სახელი 1812 წლის 22 ივლისს იბერიის ნახევარკუნძულზე მომხდარი სალამანკას ბრძოლის პატივსაცემად​ დაერქვა. მდიდარი ტრადიციების მქონე ბენდი ჯერ კიდევ ნაპოლეონის ომების დროს იყო პოპულარული. ბრძოლის ველზე ბრძანებების გასაცემად მსროლელები ვეებერთელა დაფდაფების მაგივრად საყვირებს იყენებდნენ. ბენდი უნიკალური სტილის მუსიკას ასრულებს და მსვლელობის დროს წუთში 140 ნაბიჯს დგამს. კონცერტების გარდა, ბენდი სამხედრო აღლუმებს, ფესტივალებსა და ოფიციალურ ვახშმებს მუსიკალურად აფორმებს.

ვიდეო რეპორტაჟი