ლევან იზორიამ მინი-ფეხბურთის გუნდ „არმიას“ გამარჯვება მიულოცა
8 ივნისი 2019

თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ მინი-ფეხბურთის ტურნირის ოქროს ლიგა 2018-19 სეზონის გამარჯვებულია. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ  „არმიას“ ფეხბურთელებს შეჯიბრში გამარჯვება მიულოცა. ლევან იზორია ფეხბურთელებს პირადად გაესაუბრა და მიღწეული წარმატებისთვის მათ მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ფეხბურთელებს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 15-16 ივნისს დაგეგმილ მინი-ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატში EFBLU European Tour 3 2019-ში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებაც აცნობა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდი "არმია", რომელიც სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული,  მინი-ფეხბურთის ტურნირში ოქროს ლიგა 2018-19 სეზონის ფინალში გავიდა, სადაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდი "RS" ანგარიშით 6:3 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა. „არმიის“ ფეხბურთელებმა შეჯიბრის საუკეთესო მეკარის და საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაშიც გაიმარჯვეს.

თავდაცვის სამინისტროს მინი-ფეხბურთის გუნდი „არმია“ 2016 წელს შეიქმნა და წელს უკვე მესამე სეზონია, რაც ოქროს ლიგაში ასპარეზობს.

ოქროს ლიგა 2018-19 სეზონი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების გუნდებმა მიიღეს. შეჯიბრი სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით ჩატარდა.

ვიდეო რეპორტაჟი