სამხედრო ორკესტრი 27 წლის გახდა
5 ივნისი 2019

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა 27 წლის იუბილე არმიჰოლში კონცერტით აღნიშნა. საზეიმო კონცერტზე კლასიკური და თანამედროვე ნაწარმოებები შესრულდა.

27 წლის იუბილე მუსიკოსებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა, რომელიც კონცერტს, მოადგილეებთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სამხედრო მუსიკოსებმა რამდენიმე თვის წინ დაღუპული ორკესტრის წევრი უმცროსი სერჟანტი კონსტანტინე დადუნაშვილი გაიხსენეს და სამოელ ბარბერის კომპოზიცია „ადაჟიო“ მიუძღვნეს. კონცერტში მონაწილეობა სპეციალურმა სტუმარმა აკორდიონისტმა ვანო ხაჩიძემაც მიიღო.
1992 წელს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებასთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი შეიქმნა. თავდაპირველად, ორკესტრის რეპერტუარში, ძირითადად, სახელმწიფო ჰიმნები, სამხედრო მარშები თუ სამგლოვიარო მუსიკალური ნაწარმოებები შედიოდა.

ბოლო პერიოდში თავდაცვის ძალების ჩასაბერ-ინსტრუმენტული ორკესტრი მსოფლიოში აღიარებული კომპოზიტორების კლასიკურ და თანამედროვე ნაწარმოებებსაც ასრულებს. სამხედრო ორკესტრი არაერთ ოფიციალურ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

2012 წელიდან სამხედრო ორკესტრს მაიორი კობა მერმანიშვილი ხელმძღვანელობს.

ვიდეო რეპორტაჟი