საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
26 მაისი 2019

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებს 463 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია თავისუფლების მოედანზე გაიმართა. ღვთისა და ქვეყნის წინაშე ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებმა დადეს. თბილისის გარდა, ფიცის დადების ცერემონია ზუგდიდში - დადიანების სასახლეში, რაჭაში - მრავალძალის მონასტერში, კლდეში ნაკვეთ ქალაქ უფლისციხეში, დუშეთში - ანანურის ციხის კომპლექსზე და ყვარელში - გრემის მონასტერში გაიმართა. 

საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის ძალების იმ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები იღებდნენ, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ - სპეციალური ოპერაციების ძალები; დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია; I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ნატოს რეაგირების ძალების (NRF) სამხედრო მოსამსახურეები; ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები; ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები; საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მონაწილე დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი; წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია და II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი. ღონისძიებაზე აშშ-ის ევროპის სარდლობის I ქვეითი დივიზიის I ბრიგადისა და საზღვაო ქვეითების ინსტრუქტორთა პირადი შემადგენლობაც იყო წარმოდგენილი.

სამხედრო მოსამსახურეებსა და თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი ქართულ შეიარაღებაში არსებული საქართველოსა და უცხოეთში წარმოებული სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაეთვალიერებინათ. თბილისის გარდა, სამხედრო ტექნიკა საქართველოს 11 ქალაქშია გამოფენილი: თელავი, მარნეული, რუსთავი, მცხეთა, გორი, ახალქალაქი, ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ფოთი, სენაკი.

ვიდეო რეპორტაჟი