რქბ დაზვერვისა და დეკონტამინაციის კურსი დასრულდა
17 მაისი 2019

საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეულისთვის რქბ დაზვერვისა და დეკონტამინაციის კურსი ჩატარდა. ერთკვირიანი სწავლება საქართველოში აშში-ის საელჩოსა და სამრეწველო კომპანია Ditra-ს მხარდაჭერით გაიმართა. წვრთნები მიზნად მომწამვლელ საბრძოლო ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობის წესების შესწავლასა და მათგან დაბინძურებული პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის დეკონტამინაციას ისახავდა. კურსს ამერიკელი ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ.

რქბ დაზვერვისა და დეკონტამინაციის კურსი დღეს დასკვნითი საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. სცენარის თანახმად, ერთ-ერთ ქარხანაში ქიმიური ნივთიერებების გაჟონვა მოხდა. გაჟონვის შედეგად გამოწვეული დაზიანების გაუვნებელყოფის მიზნით, სწრაფი რეაგირების რქბ ასეულის გამოძახება გახდა საჭირო, რომელმაც გაჟონვის აღმოფხვრა, სინჯების აღება და პირადი შემადგენლობის დეკონტამინაცია უზრუნველყო.
სწავლების განმავლობაში გამოყენებული ხელსაწყოები, მოწყობილობა აღჭურვილობა ამერიკულმა მხარემ საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონს გადასცა.
მონაწილეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრო.
სამხედრო მოსამსახურეების ცოდნის დონის გაღრმავების მიზნით, ახლო მომავალში სწავლების ორგანიზება კვლავ იგეგმება.

ვიდეო რეპორტაჟი