კანადის სამხედრო აკადემიის წარმომადგენლების კურსი ქართველი ინსტრუქტორებისთვის
16 მაისი 2019

ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ფარგლებში, პარტნიორობა მშვიდობისათვის კონსორციუმის (PFPC) მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის ძალებს სასწავლო ვიზიტით ნატოს ქვეყნების ინსტიტუციების წარმომადგენლები სტუმრობენ. სასწავლო ვიზიტები საქართველოს თავდაცვის ძალებში ინსტრუქტორთა სისტემის მუშაობის გაუმჯობესებასა და მათი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. საქართველოში პროგრამის განხორციელებაში აშშ-ის არმიის სერჟანტთა მთავარი აკადემია და კანადის სამხედრო აკადემია არიან ჩართულები. 

თავდაცვის ძალებში ინსტრუქტორებისთვის გადამზადების კურსის ჩატარების მიზნით, ამჟამად საქართველოში კანადის სამხედრო აკადემიის ინსტრუქტორები იმყოფებიან. ორკვირიან ტრენინგს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) მასპინძლობს და მასში წვრთნებისა და სამხედრო განათლების საერთო-საჯარისო ცენტრის ინსტრუქტორთა მომზადების კურსის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინსტრუქტორები მონაწილეობენ. ქართველ მსმენელებს კანადელი ინსტრუქტორები გამოცდილებას უზიარებენ, ნატოს ქვეყნების თავდაცვის ძალებში არსებულ სწავლების უახლეს მეთოდებსა და დისკუსიის წარმართვის ხერხებს აცნობენ. კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები აუდიტორიასთან ურთიერთობის, მისი კონტროლის უზრუნველყოფის, მსმენელებისთვის მოტივაციის გაზრდისთვის საჭირო ინფორმაციას იღებენ.
ტრენინგის დასრულებამდე მხარეები მომდევნო ვიზიტის შესახებაც იმსჯელებენ, რომელიც უახლოეს მომავალში, 2019 წლის განმავლობაში იგეგმება.
საქართველოში პირველი სასწავლო ვიზიტით 2018 წელს აშშ-ის სერჟანტთა მთავარი აკადემიის ინსტრუქტორთა ჯგუფი ჩამოვიდა. მოგვიანებით კი, ტრენინგში მონაწილე საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის კონსორციუმის (PFPC) დაფინანსებით, აშშ-ის სერჟანტთა მთავარ აკადემიას ეწვივნენ, სადაც მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული იმპლემენტაციის შესაძლებლობა ჰქონდათ.

ვიდეო რეპორტაჟი