დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან მემორანდუმი გაფორმდა
15 მაისი 2019

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა, ასევე მათთვის სოციალური თუ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“  წარმომადგენელმა ბაჩო ჩინჩალაძემ   მოაწერეს.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება  მიზნად ისახავს სამინისტროსა და ფონდის ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებას დაჭრილი და დაშავებული სამხედროების მხარდასაჭერად.

დღეიდან თავდაცვის სამინისტრო და თანადგომის ფონდი დაჭრილი და დაშავებული სამხედროებისათვის უმაღლესი განათლებისა და პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსებაზე, დაშავებული ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის სამედიცინო კუთხით ფინანსურ დახმარებასა და ადაპტირებული საცხოვრებელი გარემოს შექმნაზე ერთობლივად იზრუნებენ.