ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მაღალი დონის ლოჯისტიკოსები „LOGDEV 2019”-ზე
15 მაისი 2019

ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „LOGDEV 2019” მიმდინარეობს. სწავლების მიმდინარეობას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მაღალი დონის ლოჯისტიკოსები გაეცნენ.

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე ლოჯისტიკოსებს მიესალმა და საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 წარმომადგენელმა და ლოჯისტიკური განვითარების პროგრამის დირექტორმა სტივენ მეტსონმა კი, მოწვეულ სტუმრებს სწავლების მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და სწავლების მნიშვნელობაზე, ამოცანებზე და მიზნებზე ისაუბრა. უცხოელი ლოჯისტიკოსები სამუშაო პროცესს პირადად გაეცნენ და სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობასაც გაესაუბრნენ.

მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 ხელმძღვანელობით, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. სწავლებაში მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი 12 ქვეყნის 130 სამხედრო მოსამსახურე იღებს, მათ შორის - აზერბაიჯანი, ალბანეთი, აშშ, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ხორვატია.

სწავლების მიზანი ნატოს ლოჯისტიკის დოქტრინების დახვეწა და ნატოს ინფორმაციული სისტემების გამოყენების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე, ქვედანაყოფების ფორმირების, გადასროლის, ოპერაციის რაიონში ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და უკუგადასროლის საკითხებში მონაწილეთა შორის ურთიერთთავსებადობის მიღწევაა.

„LOGDEV 2019” 17 მაისს, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დაიხურება.

ვიდეო რეპორტაჟი