საქართველოს თავდაცვის მინისტრი ტაძრის კურთხევას დაესწრო
12 მაისი 2019

ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა. საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. ღვთისმსახურებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2002 წლიდან მიმდინარეობს.