საქველმოქმედო სპორტული აქცია დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისათვის
4 მაისი 2019
დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის მიზნით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ორგანიზებით საქველმოქმედო სპორტული აქცია “Run and Bike” გაიმართა. სპორტულ აქციაში მონაწილეობა თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაშავებულმა სამხედროებმა, ექიმ-რეაბიტოლოგებმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებმა და პოლონეთის ელჩის მოადგილემ საქართველოში მარჩინ ჟოჰოვსკიმ მიიღეს.
 
საქველმოქმედო აქციის მონაწილეებმა სპორტულ კლუბ „წრე“-ში სარბენ ბილიკებსა და ველოტრენაჟორებზე ირბინეს. ღონისძიების ფარგლებში შემოსული თანხა დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს საჭიროების მიხედვით გადაეცემათ.
 
„დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდი“ გასული წლის ოქტომბერში შეიქმნა და მიზნად დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების დახმარებას ისახავს.
 
სპორტული შეჯიბრება თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის, „დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდის“ და სპორტული კლუბ „წრის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ვიდეო რეპორტაჟი