მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019”-ის საბოლოო დაგეგმარების კონფერენცია დასრულდა
4 მაისი 2019

მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“-ის საბოლოო დაგეგმარების კონფერენცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დასრულდა. რიგით მე-9 სწავლებაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად საბოლოო დეტალებზე შეთანხმდნენ.

საერთაშორისო სწავლება 27 ივლისს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება. სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. საერთაშორისო წვრთნა სამ ლოკაციაზე - სენაკში, ვაზიანსა და ახალციხეში ორფოლოს სასროლეთზე პარალელურად გაიმართება და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

სწავლების მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატოს ძალებთან და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, მრავალეროვნული, რეგიონული და ერთიანი პარტნიორობის შესაძლებლობების ჩამოყალიბება და განვითარება, ასევე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებაა.

ვიდეო რეპორტაჟი