ღია კარის დღე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში
2 მაისი 2019
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს.
 
სამხედრო მოსამსახურეებმა სკოლის მოსწავლეებს სპეციალური პროგრამა შესთავაზეს. ღია კარის დღე სამწყობრო მოედანზე მოწყობით დაიწყო, რის შემდეგაც საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ჯარისკაცებმა სტუმრებისთვის საჩვენებელი მეცადინეობა გამართეს. ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო თოკზე და ლითონის ბაგირზე დაშვება აღმოჩნდა.
 
ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა საინფორმაციო ლექციაც წაიკითხა და სკოლის მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა. მათი განსაკუთრებული დაინტერესება სამხედრო სამსახურში მიღებისა და დაწინაურების პირობებმა გამოიწვია.
 
ლექციის შემდეგ სამხედროებმა ბავშვებს სკოლის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა და სამხედრო ტექნიკა დაათვალიერებინეს, ინსტრუქტორებმა კი, მათ ტექნიკისა და იარაღის გამოყენების წესები გააცნეს.
 
ღია კარის დღეები თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში რეგულარულად იმართება და სამხედრო პროფესიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ვიდეო რეპორტაჟი