თავდაცვის ძალების იუბილე სენაკსა და ქუთაისში ღია კარის დღით აღინიშნა
1 მაისი 2019

საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლის იუბილე დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებშიც აღნიშნეს. სენაკის მე-2 და ქუთაისის მე-3 ქვეით ბრიგადებში ღია კარის დღეზე ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს.

მე-3 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების ფიცის მიღების ცერემონიალი გაიმართა.  უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები.

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბრიგადების ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალები გვირგვინით შეამკეს.

მოწვეული სტუმრებისთვის  შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენა მოეწყო. სენაკში სამედიცინო და საინჟინრო სწავლებები ჩატარდა, ხოლო ქუთაისში მოსწავლეებმა სპორტულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. სტუმრებისთვის  გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის  კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა საინფორმაციო შეხვედრაც გამართეს.

მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების დღე კონცერტით დასრულდა, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.