საქართველოს თავდაცვის ძალები 28 წლის გახდა
30 აპრილი 2019

დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 28 წლის იუბილეს აღნიშნავს. მთავარი ღონისძიება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო. 

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ჩატარდა, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა გვარეობის ქვედანაყოფი იყო წარმოდგენილი. ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების დღე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს. 

დღესვე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას  გენერალ-ლეიტენანტის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა. ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება მიიღო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ; გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო წოდებები მიენიჭათ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადილგეებს - ბრიგადის გენერალ ზაზა ჩხაიძესა და ბრიგადის გენერალ შალვა ჯაბახიძეს. ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდებებები მიიღეს გენერალური შტაბის  J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ, აღმოსავლეთ სარდალმა პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა,  პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ. ასევე, თავდაცვის გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, თავდაცვის პოლკოვნიკ აბესალომ მანჯავიძეს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მათ სამხედრო წოდების სამხრეები გადასცეს. 

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები კი, დაჯილდოვდნენ მედლებით - ,,გენერალი კვინიტაძე“,  ,,სამშობლოსათვის თავდადებული” და ,,გიორგი ანწუხელიძე”. 

ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ სტუმრებს სამწყობრო მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ. 

თავდაცვის ძალების იუბილეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ვეტერანები, საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროები, ასევე, გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ. 

დღესვე თავდაცვის ძალების დღე დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებშიც - II და  III ქვეით ბრიგადებში სენაკსა და ქუთაისში ღია კარის დღით აღინიშნა.

ვიდეო რეპორტაჟი