III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული სამშვიდობო მისიაში ოფიციალურად ჩაერთო
27 აპრილი 2019

ქაბულში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბში ქართული ასეულების უფლებამოსილების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. III ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა სამშვიდობო მისია IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეულისგან გადაიბარა და ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანების შესრულება დაიწყო.

ოფიციალურ ღონისძიებას “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის უფროსის მოადგილე, იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი მასიმო პანიზი დაესწრო. იტალიელი გენერალი ქართველ სამხედროებს პატივისცემის ნიშნად ქართულად მიესალმა და აღნიშნა, რომ IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა დაკისრებულ დავალებას წარმატებით და სამაგალითოდ გაართვეს თავი. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი ქართული ასეული ასევე, წარმატებით იმსახურებს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში.

ოფიციალურ ცერემონიალზე უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეულის მეთაურმა, მაიორმა კახაბერ ლიპარტელიანმა გენერალ-მაიორ პანიზის და "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.