დაშავებული სამხედროები  შოტლანდიაში გასამგზავრებლად ემზადებიან
25 აპრილი 2019

საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში  დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები  შოტლანდიაში, სპორტულ ღონისძიებაში „მარშირება რთულ რელიეფზე“ მიიღებენ მონაწილეობას. 

შოტლანდიაში გამგზავრებამდე  რთულ რელიეფზე გადაადგილებაში მათ  შესარჩევი ეტაპი საქართველოში გაიარეს. გამარჯვებულები, კაპრალი ალექსი ბერუაშვილი, უმცროსი სერჟანტი გიორგი ბოჭორიშვილი, უფროსი სერჟანტი პაატა ჯიბუტი და  მაიორი მურთაზ ოსეფაიშვილი   6-12 ივნისს შოტლანდიის ქალაქ პერზირში "Allied Forces Foundation"-ის (მოკავშირე ძალების ფონდი) ეგიდით გამართულ მარშში ჩაერთვებიან. 

სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას ქართველი სამხედროების გარდა, სხვადასხვა ქვეყნის - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, უკრაინისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ათასზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს. ქართველი სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული გუნდი საერთაშორისო სპორტულ აქტივობაში „მარშირება რთულ რელიეფზე“ რეგულარულად მონაწილეობს. 2016 წელს მათ ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, 2018 წელს სამშობლოში ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ. 

ღონისძიება მიზნად დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლებას ისახავს, რაც მათ თვითრეალიზაციაში დაეხმარება. სპორტული აქტივობები  დაჭრილ და დაშავებულ  სამხედრო მოსამსახურეებს კონტაქტის დამყარების, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების  გაზიარების შესაძლებლობასაც აძლევს.