საფრენი აპარატების ტექნიკოსის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვება
25 აპრილი 2019
წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“, საერთო საჯარისო ცენტრის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სკოლის ავიაციის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.
 
ოფიცრებს კურსის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ მიულოცა, წარმატებები უსურვა და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში მსგავსი კურსების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
 
კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს ასევე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა სულხან ცაბაძემ და საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ.
 
ღონისძიების დასასრულს სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
 
საფრენი აპარატების ტექნიკოსის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი 32 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. კურსში ათი სამხედრო მოსამსახურე ჩაირიცხა და ათივე მათგანმა წარმატებით დაასრულა.
 
მსმენელებმა საბრძოლო ფუნქციების მიხედვით საერთო საჯარისო და საავიაციო დისციპლინები შეისწავლეს და საფრენ აპარატებთან, საჰაერო სივრცისა და საჰაერო მოძრაობის მართვასთან, საჰაერო აპარატების კონსტრუქციასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნენ. მათ პრაქტიკული მომზადება ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეულ საავიაციო ესკადრილიაში გაიარეს, სადაც საფრენი აპარატების ტექნიკური მომსახურეობაც შეასრულეს.