თავდაცვის მინისტრი ამერიკულ სამხედრო ხომალდზე იმყოფებოდა
23 აპრილი 2019

ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ძალების სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი „დონალდ როსი" იმყოფება.

ამერიკულ ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო ხომალდის ვიზიტი კიდევ უფრო ამყარებს სტრატეგიულ ურთიერთობებს აშშ-სა და საქართველოს შორის. "ეს ურთიერთობა არის გამორჩეული და ის არასდროს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ძლიერი. ხომალდის ვიზიტი განსაკუთრებით აძლიერებს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას და სტაბილურობას".

ოფიციალური მიღების ცერემონიამდე ხომალდის კაპიტანმა დევიდ კოულსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს გემი დაათვალიერებინა და მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გააცნო.

ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 აპრილამდე დარჩება. დაგეგმილია ქართულ - ამერიკული საზღვაო წვრთნები.

შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდის შემოსვლა მიზნად ისახავს სტაბილურობის განმტკიცებას მთლიანად რეგიონში.

"დონალდ როსი" არლი ბიორკის კლასის სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდია, რომელიც აღჭურვილია მართვადი რაკეტებით.

ვიდეო რეპორტაჟი