თავდაცვის მინისტრის შეხვედრა შვეიცარიის ელჩთან
15 აპრილი 2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ლევან იზორიამ პატრიკ ფრანცენს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მინისტრმა შვეიცარიელ დიპლომატს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო. შეხვედრაზე სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობისა და კურსების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელსაც შვეიცარია ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალო პერსონალს სთავაზობს. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასთან (DIBS) შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) მჭიდრო თანამშრომლობაც ხაზგასმით აღნიშნეს.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.