თავდაცვის ძალებში აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების დაარსების დღე აღნიშნეს
1 აპრილი 2019

1 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალები აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების დაარსების დღეს აღნიშნავს. აღმოსავლეთ სარდლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი ვაზიანში, მე-4 მექანიზირებულ ბრიგადაში გაიმართა. პირად შემადგენლობას საიუბილეო თარიღი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს. 

ღონისძიების ფარგლებში ბრიგადის საბრძოლო დროშის გადაბარების საზეიმო ღონისძიებაც გაიმართა. მე-4 მექანიზებული ბრიგადის საბრძოლო დროშა ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ პოლკოვნიკ ვეფხვია ჩალაბაშვილს გადააბარა.

თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვისას აღმოსავლეთ სარდლობის წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება და სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი, რომელიც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მაღალ დონეზე ჩატარებაში გამოვლინდა. ასევე, ყურადღება გაამახვილა თავდაცვის ძალებში გატარებულ რეფორმებზე და ნატოსთან თავსებადობაზე. „საერთო ძალისხმევითა და თქვენი თანამონაწილეობით ჩვენ ვართ წარმატებულები ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე. საქართველო ნატოს ისტორიაში არის პირველი პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც დაეკისრა სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების ფაზის ჩატარების პასუხისმგებლობა და ჩვენ ეს ამოცანა წარმატებით შევასრულეთ. მსოფლიო დონეზე მოხდა ჩვენი ქვეყნის, როგორც პასუხისმგებლიანი პარტნიორის აღიარება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და თავდაცვის ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით, მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის“ ხარისხობრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. სარდლობის სამახსოვრო დაფით თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და გამორჩეული სამსახურისათვის, პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში დაჯილდოვდა. 

აღმოსავლეთ სარდლობის საზეიმო ღონისძიების პარალელურად, დასავლეთ სარდლობის დაარსების დღე სენაკში, II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზეც აღინიშნა.

სახმელეთო ჯარების სარდლობა 2006 წლის 17 თებერვალს ჩამოყალიბდა. 2016 წელს გაუქმდა სახმელეთო ჯარების სარდლობა და საქართველოს პრეზიდენტის (უმაღლესი მთავარსარდლის) 2016 წლის 04 მარტის N1 ბრძანებით დამტკიცდა ორი სარდლობა - სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა. აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს მონაწილეობა აქვთ მიღებული საერთაშორისო მისიებში: კოსოვოში (1999-2008); ერაყში (2003-2008); მალის რესპუბლიკასა (2014) და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში (2004 წლიდან დღემდე).

 

ვიდეო რეპორტაჟი