თავდაცვის მინისტრი აშშ-ის საზღვაო ძალების ადმირალს ჯეიმს ფოგოს შეხვდა
29 მარტი 2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურს, ადმირალ ჯეიმს ფოგოს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შეხვდა. მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის საერთაშორისო სწავლებებში საზღვაო კომპონენტის დამატებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს ერთობლივ საერთაშორისო სწავლებებზე. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მაღალი რანგის წარმომადგენლები, აშშ-ის ელჩი და თავდაცვის ატაშე ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა და ჯეიმს ფოგომ მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ლევან იზორიას განცხადებით, ადმირალ ჯეიმს ფოგოს ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დადასტურებაა იმ მჭიდრო თანამშრომლობის, რომელიც საქართველოს, როგორც ნატოს ფორმატში, ისე ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გააჩნია. „ჩვენ გვქონდა კარგი შესაძლებლობა შეგვეფასებინა ჩვენი თანამშრომლობის დინამიკა, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალია. ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა, როგორიც დღეს გვაქვს, ორ ქვეყანას არასდროს ჰქონია. ამას მოწმობს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით განხორციელება. მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში საქართველოს ექნება აშშ-სთან ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური სწავლება - „მტკიცე სული“, რომელიც კიდევ ერთხელ მიმართულია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ“, - განაცხადა მან. ადმირალ ჯეიმს ფოგოს განცხადებით, მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, გაიზარდა საქართველოს თავდაცვის ძალების მომზადების დონე და ურთიერთთავსებადობა ალიანსთან. მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის საქართველო განსაკუთრებული პარტნიორია. „მრავალი წელია საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ნატოს ძალების მხარდამხარ იბრძვიან. საქართველო ნატოს რეაგირების ძალებშიც მონაწილეობს და ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, “ - განაცხადა ამერიკელმა ადმირალმა.

ვიდეო რეპორტაჟი