საწვრთნელ ბაზა „ალგეთზე“ საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყო
18 მარტი 2019
უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო. 2019 წლის პირველი ნაკადის ფარგლებში საწვრთნელ ბაზა „ალგეთზე“
საქართველოს 400-მდე მოქალაქე ემზადება, რომელიც სამხედრო ფიცს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს დადებს. 10 კვირის განმავლობაში რეკრუტები საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლიან და კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.
 
რეკრუტებს მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში ჩაუტარდებათ. კურსის მონაწილეები საინჟინრო, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო მომზადებასაც გაივლიან.
 
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველებმა კურსზე ჩარიცხვამდე ფიზიკური მომზადებისა და ფსიქოლოგიური ტესტები, ასევე, სამედიცინო კომისიაზე შემოწმება გაიარეს.
 
ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულებამდე ღია კარის დღეც გაიმართება, სადაც რეკრუტების მონახულებას ოჯახის წევრები შეძლებენ.
ვიდეო რეპორტაჟი