თავდაცვის მინისტრი მიუნხენში გერმანელ კოლეგას შეხვდა
16 თებერვალი 2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელით, სპეციალურად თავდაცვის მინისტრებისათვის გამართულ ლანჩს დაესწრო.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გერმანელ კოლეგას  გერმანული მხარის მიერ საქართველოს თავდაცვის ძალების მრავალწლიანი პრაქტიკული მხარდაჭერისა და მათ შორის მატერიალურ-ტექნიკური დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული საკმაოდ მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ იგი მიმდინარე წლიდან კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ინტენსიური გახდება.

ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში გერმანული მხარის დახმარების მნიშვნელობაზე. საუბარი  ასევე შეეხო მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ერთობლივი მონაწილეობის, საერთაშორისო სწავლებებში გერმანელი სამხედროების აქტიურ ჩართულობისა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.