საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს ესწრება
13 თებერვალი 2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს როუზ გოტმიოლერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში შეხვდა, სადაც თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს.

მხარეებმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების ურყევ მისწრაფებებზე და ამ კუთხით საქართველოს მოსახლეობის მზარდ მხარდაჭერაზე იმსჯელეს.

საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს შავი ზღვის რეგიონისა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და მარტში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლება “NATO-GEO EXERCISE 2019”-ს შეეხო. მხარეებმა თანამშრომლობის განვითარების სამომავლო გეგმებიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იქნება მაღალი დონის ვიზიტებით, საერთაშორისო სწავლებებითა და სხვადასხვა ღონისძიებით.

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ლიტვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან, სადაც კოლეგები ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და ნატო-სთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.

ვიდეო რეპორტაჟი