31-ე ბატალიონი GDRP-ის წინამოსამზადებელი ათეულის დონის შეფასებას გადის
8 თებერვალი 2019

ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ათეულები საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) უშუალოდ ჩართვამდე წინამოსამზადებელ სწავლება-შეფასებას გადიან. 

ამჟამად ნორიოში საბრძოლო დავალებებში 16 ქვეითი ათეულის შეფასების პროცესი მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურეებმა სწავლების დროს ათეულის ტაქტიკური გადაადგილების, ჩასაფრების, შეტევითი ამოცანების, კონტაქტზე რეაგირების, არაპირდაპირ ცეცხლზე რეაგირების, ბუნკერის აღებისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევები განავითარეს.


წინამოსამზადებელ პერიოდში სამხედროებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ინსტრუქტორები აკვირდებიან და აფასებენ.


ქვედანაყოფმა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისთვის (GDRP) წინამოსამზადებელი სწავლების ინდივიდუალური დონის მომზადება ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე გაიარა. მოგვიანებით ოცეულისა და ასეულის დონეზეც მოემზადებიან, აპრილიდან კი 31-ე ქვეითი ბატალიონი თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ოფიციალურად ჩაერთვება. 


საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.

ვიდეო რეპორტაჟი