საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მასშტაბით ვიზიტებს აგრძელებენ.
სამხედრო ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლები დღეს თბილისში, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონსა და ვაზიანში მდებარე V საარტილერიო ბრიგადაში იმყოფებოდნენ. უცხოელმა დიპლომატებმა სპეციალურად გამართულ გაცნობით ბრიფინგზე ხელმძღვანელობისგან ქვედანაყოფების ისტორიის, ამოცანის, სტრუქტურის, განხორციელებული და უახლოეს მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
მოგვიანებით სტუმრები საბრძოლო საინჟინრო ბატალიონისა და V საარტილერიო ბრიგადის შესაძლებლობებს, ინფრასტრუქტურას გაეცნენ და ბაზებზე არსებული შეიარაღება და ტექნიკა დაათვალიერეს.
სამხედრო ატაშეების ასოციაცია საქართველოში აკრედიტებულ და არარეზიდენტ 35 დიპლომატს აერთიანებს, რომლებიც თავდაცვის უწყებასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.