თავდაცვის ატაშეების ვიზიტი ვაზიანში
23 იანვარი 2019

საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების  თავდაცვის ატაშეები  საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს სტუმრობენ.  დღეს სამხედრო ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლები ვაზიანში, მეოთხე მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდნენ.  უცხოელ დიპლომატებს მასპინძლობა თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ  გაუწია. სარდალმა და  ბრიგადის ხელმძღვანელობამ  მათ  აღმოსავლეთ სარდლობის ისტორიის, სტრუქტურის,  ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს, გასულ წელს შესრულებული სამუშაოები, განხორციელებული ცვლილებები  და მომავლის გეგმები გააცნეს. საუბარი ქვედანაყოფების საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა (GDRP) და მრავალეროვნულ სწავლებებში მონაწილეობის საკითხებსაც  შეეხო.  მოგვიანებით  სამხედრო მოსამსახურებმა დიპლომატების კითხვებს უპასუხეს.

ბაზაზე ვიზიტის  ფარგლებში, თავდაცვის ატაშეებმა   ბრიგადის ინფრასტრუქტურა, ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს და სიმულაციური სწავლების ცენტრი  მოინახულეს.

 

სამხედრო ატაშეების ასოციაცია საქართველოში აკრედიტებულ და არარეზიდენტ 35 დიპლომატს აერთიანებს.  თავდაცვის  ატაშეები საქართველოს სამხედრო უწყებასთან, ორმხრივი სამხედრო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობენ და საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს რეგულარულად სტუმრობენ.

ვიდეო რეპორტაჟი