ავღანეთში გაცილების ცერემონია I ქვეით ბრიგადაში
18 იანვარი 2019

გორში, I ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სწრაფი რეაგირების ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სამშვიდობო მისიაში გამგზავრებამდე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრანც-იოზეფ ნოლტემ სიტყვით მიმართეს, მისიის წარმატებით შესრულება, მშვიდობით დაბრუნება უსურვეს და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.

ქართული ასეული მაიორ ნიკოლოზ ვაშაყმაძის მეთაურობით „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში 7 თვის განმავლობაში შეასრულებს. I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ჩაანაცვლებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზა „მარმალის“ უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრებამდე ასეულმა სამთვიანი მომზადება საქართველოში, ხოლო შემდეგ 5 თვის განმავლობაში გერმანიაში 411-ე ბატალიონთან ერთად გაიარა და უმაღლესი შეფასება მიიღო.

ვიდეო რეპორტაჟი