თავდაცვის მინისტრი ახალ წელს I ქვეით ბრიგადაში შეხვდა
1 იანვარი 2019

ახალი 2019 წლის დადგომა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შვილთან ერთად გორში, I ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობასთან ერთად აღნიშნა. მინისტრთან ერთად სამხედროებს ახალი წელი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ მიულოცეს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული წელი უსურვეს.

საახალწლო ღონისძიება საზეიმო კონცერტით გაგრძელდა. ადგილობრივმა ახალგაზრდულმა ანსამბლებმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს და სამხედროებს საღამო სიმღერებით გაულამაზეს.

ახალი წლის შემოსვლა I ქვეით ბრიგადაში ფოიერვერკების გასროლით დასრულდა.

ვიდეო რეპორტაჟი