საქართველოს მთავარსარდალმა მისებში მყოფ სამხედროებს ახალი წელი თავდაცვის მინისტრთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად მიულოცა
1 იანვარი 2019

სამშვიდობო მისიებში მყოფ სამხედროებს, ახალი წელი პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან მიულოცეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში და აფრიკის კონტინენტზე მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. უმაღლესმა მთავარსარდალმა სამშვიდობო მისიებში მყოფი სამხედროების საქმიანობის მნიშვნელობა და ჯარისკაცების ქვეყნის წინაშე დამსახურება ხაზგასმით აღნიშნა.

სამშვიდობო მისიებში მყოფ სამხედროებს ახალი წელი თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმაც მიულოცეს. ლევან იზორიამ ქართველი სამხედროების ქვეყნის წინაშე დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათი წვლილი ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია. ლევან იზორიამ 2018 წელს მიღწეულ წარმატებებზე და 2019 წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან კიდევ უფრო დააახლოვებს.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩართვა განხორციელდა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ოთხი ლოკაციიდან და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში, სადაც ქართველი სამხედროები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში მონაწილეობენ.

ვიდეო რეპორტაჟი