წინასაახალწლო ღონისძიება დაღუპული სამხედროების შვილებისთვის
28 დეკემბერი 2018

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში დაღუპული ჯარისკაცის შვილებისთვის წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო მისიებსა  და  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

მხიარული განწყობა პატარებს სამხედრო ორკესტრმა, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბენდმა და ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა საახალწლო კომპოზიციებით შეუქმნეს. 

კონცერტს დაღუპული ჯარისკაცების შვილებთან ერთად თავდაცვის მინისტრის, თავდაცვის ძალების მეთაურისა და სამხედრო მოსამსახურეების შვილებიც დაესწრნენ.  

საახალწლო კონცერტიდან დაღუპული ჯარისკაცების ბავშვებმა ისთ ფოინთშიც გადაინაცვლეს. პატარებს გასართობი ცენტრის „ფოკუს-მოკუს“ წარმომადგენლებმა მრავალფეროვანი პროგრამა, ინტელექტუალური და სახალისო თამაშები შესთავაზეს. ბავშვებს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობისა და ატრაქციონებით სარგებლობის შესაძლებლობაც ჰქონდათ. 

დღის ბოლოს დაღუპული ჯარისკაცების შვილებს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული კამპანიის „მამის მეგობრისგან“ ფარგლებში შეგროვებული საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. მათ სამინისტროსგან წიგნების მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსი“ ვაუჩერიც მიიღეს. საჩუქრების მაღაზიამ „ჭიტა“ ბავშვებს სათამაშოები გადასცა. საგანმანათლებლო ორგანიზაციამ „კინგსი“, ტკბილეულის მწარმოებელმა კომპანიამ „ბარამბო“ და შპს „ქართული ლუდის კომპანიამ“ კი, პატარები წიგნებით, ტკბილეულით და გაზიანი სასმელებით დაასაჩუქრეს.  

ვიდეო რეპორტაჟი