SNGP-ის ექსპერტის დაჯილდოება
28 დეკემბერი 2018

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Substantial NATO-Georgia Package, SNGP) ფარგლებში, საქართველოში მოვლენილ სლოვაკ ექსპერტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ლელა ჩიქოვანმა ვლადიმირ ტარასოვიჩი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით ,,გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ვლადიმირ ტარასოვიჩი საქართველოში სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა და არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩამოყალიბებული თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (Defence Institution Building School, DIBS) ინიციატივის განვითარებაში ქართულ მხარეს აქტიურ დახმარებას უწევდა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მიზანს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება, თანამშრომლების პროფესიული განვითარება, ეროვნულ დონეზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბება წარმოადგენს. სკოლის ფუნქციონირების არეალი არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონულ და საერთაშორისო დონესაც მოიცავს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფისა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიდეო რეპორტაჟი