აღმოსავლეთ სარდლობის 2018 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში
28 დეკემბერი 2018
ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. აღმოსავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების მეთაურებსა და სამხედრო მოსამსახურეებთან 2018 წელს შესრულებული სამუშაოები შეაჯამა და მათ 2019 წლის გეგმები და პრიორიტეტები გააცნო. მომავალი წლის გამოწვევებსა და ამოცანებზე საუბრისას, სარდალმა ყურადღება მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკაზე, საბრძოლო მომზადების პროცესში სერჟანტის როლის გაზრდაზე, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, მათ პროფესიულ განვითარებასა და დისციპლინაზე გაამახვილა.
 
2018 წელს სხვადასხვა მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე, ჩატარებულ სამხედრო სწავლებებზე, განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
 
წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ შეხვედრა დაჯილდოების ცერმონიით გაგრძელდა, სადაც წლის საუკეთესო ქვედანაყოფები გამოავლინეს და სამხედრო მოსამსახურეებს სხვადასხვა ჯილდო გადასცეს. საბრძოლო შედეგებიდან და არსებული დისციპლინიდან გამომდინარე, 2018 წლის საუკეთესო ქვედანაყოფად - I ქვეითი ბრიგადა დასახელდა. საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების მიხედვით, საუკეთესო ბატალიონის სტატუსი 43-ე ბატალიონმა მოიპოვა. წლის საუკეთესო ასეულად კი, საინჟინრო ბრიგადის ფეთქებადი მასალების განადგურების EOD ასეული დასახელდა.
 
პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა.
ვიდეო რეპორტაჟი