“COBRA” ასეული კოლექტიური მზადყოფნის ტრენინგს გადის
7 დეკემბერი 2018

აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის რეგიონში დისლოცირებული ძალების I კავალერიის დივიზიის I ჯავშანსატანკო ბრიგადის  “COBRA” ასეულმა საქართველოში კომბინირებული საბრძოლო სროლები განახორციელა. სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში ახალი ეტაპი დაიწყო და აშშ-ის ქვედანაყოფი საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენებით საბრძოლო მზადყოფნის შეფასების მიზნით ტრენინგებს გადის. „გვქონდა კომბინირებული სწავლებების შესაძლებლობა, რაც კიდევ ერთხელ აამაღლებს ჩვენი სამხედროების ბრძოლისუნარიანობას“, აღნიშნა ლევან იზორიამ. მისი განცხადებით, ეს არის კონკრეტული მაგალითი იმისა, რომ საქართველო თავისი რეფორმებით კიდევ უფრო უახლოვდება ნატოს.

აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის “COBRA” ასეული საქართველოში ასეულის დონის კოლექტიური მზადყოფნის ტრენინგს 2018 წლის ნოემბრის დასაწყისიდან მართავს. ეს ტრენინგი საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობის დემონსტრირებაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკული როტაციული საწვრთნელი ქვედანაყოფი საქართველოში, საბრძოლო მომზადების ცენტრის ინფრასტრუქტურის გამოყენებითა და მხარდაჭერით, სწავლების მიღმა ტრენინგს ატარებს. იმედი გვაქვს, რომ ეს ღონისძიება გახდება მოდელი აშშ-ის, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებისთვის, მომავალში წვრთნების ჩასატარებლად.

ვიდეო რეპორტაჟი