ლევან იზორიამ მცხეთაში I ქვეითი ბრიგადაში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
20 ნოემბერი 2018
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მცხეთაში I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო ბაზას ესტუმრა. ლევან იზორიამ ადგილზე ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. I ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სრულად გარემონტდა საცხოვრებელი ყაზარმა, მოეწყო ახალი სასადილო და საყარაულო შენობა, გარემონტდა სამედიცინო პუნქტი და აბანო. I ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლოვნიკმა როლანდ ძნელაძემ პრეზენტაცია გამართა და მოწვეულ სტუმრებს განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც ლევან იზორიამ ახალაშენებულ სასადილოში „ჯარისკაცის ულუფა“ სამხედროებთან ერთად დააგემოვნა.
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამწყობრო მოედანზე მოწყობილ მე-12 ბატალიონის პირად შემადგენლობას სიტვით მიმართა და „ჩარლი“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს ნატოს მოპასუხე ძალებში (NRF – NATO Responce Force) ჩართვა მიულოცა და თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა. „ფორმატი - ნატოს მოპასუხე ძალები გვაძლევს შესაძლებლობას, შეკავების პოლიტიკის ფარგლებში, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, მზადყოფნის მაღალი დონით ვიყოთ ადეკვატურები იმ საფრთხეების წინაშე, რომელიც პირველ რიგში რუსეთის ფედერაციიდან მომდინარეობს. ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის 20 პროცენტიც ოკუპირებულია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩართულობას, სიძლიერესა და შეკავების პოლიტიკის განმტკიცებას. თქვენი თანამონაწილეობა, თითოეულის მონდომების მაღალი ხარისხი ქვეყნისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ საქმეში, რასაც ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცება და ნატოსთან დაახლოება ჰქვია,“ -განაცხადა ლევან იზორიამ. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სრულ შემადგენლობას მომავლი წლის იანვრიდან სახელფასო ანაზღაურება მოემატება. ლევან იზორიას განცხადებით, ხელფასების მატება ეტაპობრივად მომავალშიც გაგრძელდება.
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ჩარლი“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს NRF-ის სერტიფიკატები გადასცა.
„ჩარლი ასეული ,,OCC-ის პროგრამაში 2016 წლის დასაწყისში ჩაერთო და 2018 წლის 24-28 სექტემბერს დაასრულა, რომლის ფარგლებშიც მოხდა აღნიშნული ასეულის სერტიფიცირება ნატოელი შემფასებლების მიერ საქართველოში. აღნიშნული ასეულისთვის სერტიფიკატი ნატოს სამხედრო თანამშრომლობის შტაბიდან გამოიგზავნა. „ჩარლი“ ასეული 2019 წლის იანვრიდან ჩაანაცვლებს „ალფა“ ასეულს NRF-ის საბრძოლო მორიგეობაზე და მის შემადგენლობაში 2021 წლის იანვრამდე დარჩება.
ვიდეო რეპორტაჟი