თავდაცვის მინისტრის შეხვედრა „ვალიანტის“ პროგრამის უფროს მენეჯერთან
13 ნოემბერი 2018
თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის, „ვალიანტის“ (CUBIC -ს სახელი შეეცვალა და „ვალიანტი“ ეწოდა ) პროგრამის უფროს მენეჯერს, რობერტ ფორესტერს უმასპინძლა.
 
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების, ასევე, თავდაცვის ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა.
 
თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე საუბრისას, მინისტრმა თავდაცვის სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებისა და სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში პროგრამის ხელმძღვანელების წვლილიც გაიხსენა. დღესვე ლევან იზორიამ საქართველოში პროგრამის მენეჯერს, გრეგორი კანატას მადლობის სერტიფიკატი გადასცა, წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებით ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.
 
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და საქართველოში პროგრამის მენეჯერის მოადგილე, დი ესპლინი დაესწრნენ.
 
პროგრამის უფროსი მენეჯერის ვიზიტი მიზნად აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი პროგრამის მიმდინარეობის ადგილზე გაცნობას ისახავს.