V საარტილერიო ბრიგადა 25 წლის გახდა
9 ნოემბერი 2018

V საარტილერიო ბრიგადა 25 წლის გახდა. არტილერისტებს ბრიგადის დაბადების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს. ლევან იზორიამ არტილერისტების მიერ სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლი აღნიშნა და ყურადღება განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა. მისი თქმით, შეიარაღებულ ძალებში არტილერიის რეფორმა ნიშნავს ნატოში ინტეგრაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და თანამედროვე გამოწვევებისთვის სრულად მზადყოფნას.

ღონისძიების ფარგლებში, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ბიჭიკაშვილმა საბრძოლო დროშა პოლკოვნიკ არსენ ცუხიშვილს გადასცა და V საარტილერიო ბრიგადის მეთაურის უფლებამოსილება გადააბარა.

საზეიმო ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, არტილერისტი, გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი დაესწრო. მან თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმესა და თავდაცვის სისტემაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას გადაუხადა და ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღე მიულოცა. დღესვე ლევან იზორიამ გენერალ-მაიორ გია ყარყარაშვილს საქართველოს შეიარაღებული ძალების, მათ შორის ISAF-ისა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიებში მონაწილე სამხედრო კონტინგენტის სახელით სახელმწიფო დროშის სერტიფიკატი გადასცა. დროშა 2012 წელს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „შუკვანზე“ იყო აღმართული.

ცერემონიალი არტილერისტების დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა სამი სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივი საშტატო იარაღით დააჯილდოვა, ხოლო პირველი კლასის რიგით ზაურ ხუბაშვილს თურქეთის რესპუბლიკაში მკლავჭიდის 21-ე მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის ფულადი პრემია გადასცა.

V საარტილერიო ბრიგადის იუბილეს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ასევე, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ბრიგადის ტერიტორიაზე V საარტილერიო ბრიგადაში არსებული ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენაც მოეწყო.

V საარტილერიო ბრიგადა 1993 წლის ნოემბერში შეიქმნა. 2018 წელს ბრიგადას სახელწოდება შეეცვალა და V საარტილერიო ბრიგადა გახდა. ქვედანაყოფი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა. პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი კოალიციური ძალების ფარგლებში, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიის განხორციელებაში.

ვიდეო რეპორტაჟი