საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება
8 ნოემბერი 2018

გვინდა გამოვეხმაუროთ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების, კონკრეტულად კი გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას, რომელიც მან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე გააკეთა.

პირველ რიგში, გვინდა განვმარტოთ, რომ დევი ჭანკოტაძე და მასთან ერთად მყოფი პირები არ არიან მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები და წლებია აღარ მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში.

სამხედრო ფორმით მოსახლეობისადმი გავრცელებული პოლიტიკური მიმართვა, მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს. თავდაცვის სამინისტროსთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის ყოვლად მიუღეებელია, სამხედრო ფორმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ჯარის პოლიტიზაციის მცდელობა. აღნიშნული ქმედება, დამაზიანებელია ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციისთვის, როგორიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალები და შეურაცხმყოფელია თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის.

მოცემული განმარტების მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რათა არ შეიქმნას ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს შეიარღებული ძალები პოლიტიკურად მიკერძოებულია.

საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი და ის არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა მოქალაქესა და პოლიტიკური გაერთიანების წევრს, ნუ ეცდება შეიარაღებული ძალების რაიმე ფორმით ჩართვას პოლიტიკურ, თუ საარჩევნო კამპანიაში.