თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვა გრძელდება
8 ნოემბერი 2018

თავდაცვის კოდექსის პროექტი  დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან თავდაცვის ინსტიტუციური აღშენებლობის სკოლაში (DIBS) განიხილა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ კოდექსში შემუშავებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით,  შემოთავაზებულია სავალდებულო სამხედრო სამსახურის ახალი მოდელი,   თავდაცვის ძალების ახალი სტრუქტურა, ასევე არსებული კანონმდებლობის კოდიფიცირება, სადაც მოქმედ ნორმათა შორის წინააღმდეგობები აღმოიფხვრება და  მანამდე დაურეგულირებელი საკითხები მოწესრიგდება.

ახალი პროექტის შემუშავება კონსტიტუციურმა ცვლილებებმა განაპირობა. თავდაცვის სფეროში 1990-იან წლებში მიღებული კანონმდებლობა სრულყოფილად ვერ ასახავდა არსებულ რეალობას. ასევე არის საკითხები, რომლებიც კანონქვემდებარე აქტით რეგულირდება, თუმცა მნიშვნელობიდან გამომდინარე საკანონმდებლო რეგულირებას მოითხოვს.

თავდაცვის კოდექსის პროექტზე მუშაობა ერთი წელია მიმდინარეობს.  სანამ პროექტს თავდაცვის უწყების პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განიხილავენ, შემაჯამებელი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციასთან შედგება.

კოდექსის პროექტთან დაკავშირებით თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა კონსულტაციები უკვე გაიარეს დიპლომატიური კორპუსისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ექსპერტებთან. საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტში პროექტის უშუალო გატანამდე, ასევე იგეგმება  თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვა საერთაშორისო პარტნიორებთან, სახელმწიფო უწყებებთან და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან.  

ვიდეო რეპორტაჟი