წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
1 ნოემბერი 2018
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 159 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია პირველი ქვეითი ბრიგადის საველე საწვრთნელ ბაზაზე, სოფელ ხცისში გაიმართა. ჯარისკაცებს ფიცის დადება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცა, სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახური და წარმატებები უსურვა. წვევამდელებს სიტყვით მიმართა ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, ვიცე-პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ.
 
ფიცის დადების საზეიმო ღონისძიების შემდეგ, საწყისი საბრძოლო მომზადების ფარგლებში გამოვლენილ, წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობის სიგელები, ხოლო სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ წვევამდელებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ათკვირიანი კურსი გაიარეს. საბრძოლო მომზადების განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.
 
დღეიდან ჯარისკაცები ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებში 9 თვის განმავლობაში იმსახურებენ. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.