ქართველი სამხედროები აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მარათონში მონაწილეობენ
26 ოქტომბერი 2018

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები  საზღვაო ქვეითთა ყოველწლიურ მარათონში (Marine Corps Marathon)  მონაწილეობის მისაღებად აშშ-ის დედაქალაქში გაემგზავრნენ. ხუთი სამხედრო მოსამსახურე - ონისე ქისტაური, მანუჩარ  ნასარიძე, იოსებ ტურაშვილი, ივანე ემილიანოვი და ბეჟან კუსრაძე  გამთენიისას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ გააცილა, მათ წარმატებები უსურვა და თავდაცვის მინისტრის სახელით, მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მარათონში  Allied Forces Foundation-ის მხარდაჭერით 2015 წელს ჩაერთვნენ. Allied Forces Foundation-ის პრეზიდენტის სტიუარტ ტეილორის მოწვევით ქართველ სამხედროებს ყოველწლიურ მარათონში მონაწილეობის შესაძლებლობა წელსაც აქვთ.

ვაშნგტონის საზღვაო ქვეითთა მარათონში ქართველ დაჭრილი და დაშავებულ სამხედროებს გაერთიანებული სამეფოს, ლიეტუვას, დანიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, კანადის და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებთან ერთად მოუწევთ მონაწილეობა.

მარათონი  მიზნად ისახავს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების თვითდაჯერებულობისა  და თვითშეფასების ამაღლებას, სხვადასხვა ქვეყნის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების  დაახლოებასა და  ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებას.

ვიდეო რეპორტაჟი