ლევან იზორიამ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს უმასპინძლა
26 ოქტომბერი 2018

აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ერთობლივი ამბიციური პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება და  ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით მიღწეული პროგრესი  - ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის გაფორმებულ ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომელშიც გაწერილი მიმართულებების იმპლემენტაცია წარმატებით მიმდინარეობს. 

შეხვედრაზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ რეგიონალურ და გლობალურ გამოწვევებზეც იმსჯელეს. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა და საქართველოს კონტრიბუციას ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში  მაღალი შეფასება მისცა. 

ჯონ ბოლტონი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს. ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტი პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრით გაგრძელდება.  

ვიდეო რეპორტაჟი