თავდაცვის სამინისტროში EUMM-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
25 ოქტომბერი 2018

თავდაცვის სამინისტროში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წარმომადგენლებს უმასპინძლეს. 

შეხვედრა უწყებათშორის ფორმატში გაიმართა, რომელსაც შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად, შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაესწრნენ.

მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოეგმა და საველე ოფისების ხელმძღვანელმა პირებმა ქართულ მხარესთან საქართველოში EUMM-ის მანდატის, მექანიზმების, განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ისაუბრეს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელოვანი როლი გაზგასმით აღნიშნა და სტუმრებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრები ეტაპობრივად იმართება, რაც მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლას, ნდობის განმტკიცებასა და ერთობლივი საქმიანობის შედეგიანად წარმართვას უწყობს ხელს.