სპორტული შეჯიბრი „გორგასლიანი“ შეიარაღებულ ძალებში
25 ოქტომბერი 2018

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპორტული შეჯიბრი „გორგასლიანის“ შემოდგომის სეზონი მიმდინარეობს. შვიდკაცა რაგბისა და ლელო ბურთის თამაშებს ქალაქ ქუთაისში „აია-არენას“ სტადიონმა უმასპინძლა. შვიდკაცა რაგბიში საპრიზო ადგილების მფლობელები გამოვლინდნენ: პირველი  ადგილი III ქვეითი ბრიგადა;  მეორე ადგილი I ქვეითი ბრიგადა, მესამე ადგილი - IV ქვეითი ბრიგადა.

ლელო ბურთში  გუნდური შეჯიბრი დღეს დასრულდა და გამარჯვება  VI საარტილერიო ბრიგადამ მოიპოვა. ასევე, გამოვლინდა ორი საპრიზო ადგილი; მეორე ადგილის მფლობელი  I ქვეითი ბრიგადა, მესამე ადგილის მფლობელი  II ქვეითმა ბრიგადა  გახდა.

„გორგასლიანის“ ფარგლებში შეჯიბრი სპორტის ექვს სახეობაში მიმდინარეობს: შვიდკაცა რაგბი, ლელო ბურთი, საბრძოლო მკლავჭიდი, ხრიდოლის სამჭიდი, ესტაფეტა-სირბილი და ჭადრაკი. სპორტულ შეჯიბრში აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის  ქვედანაყოფის გუნდები მონაწილეობენ.

აღნიშნული შეჯიბრი 16 ოქტომბერს დაიწყო და 13 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში დაიხურება. საპრიზო ადგილებზე გასულ ქვედანაყოფებს სპეციალური ჯილდო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული გმირების სახელობის გარდამავალი ფარ-ხმალი და მედლები გადაეცემათ.

გუნდური თამაშები „გორგასლიანი“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით ტარდება. სპორტული შეჯიბრი „გორგასლიანი“ 2011 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფს შორის ყოველწლიურად იმართება.