საჩხერეში შუალედური ზაფხულის სამთო კურსი დასრულდა
10 აგვისტო 2018

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში, სამთო მომზადების ზაფხულის მორიგი შუალედური კურსი დასრულდა. სწავლების დახურვის ცერემონიალი სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება სამთო სკოლის მეთაურმა, მაიორმა მალხაზ გოლეთიანმა, ჩეხეთის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა იგორ ქანდრიკმა და აზერბაიჯანის სამხედრო ატაშეს მოადგილემ, მაიორმა იმამ ვერდიევმა მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. მათ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა.

ოთხკვირიან შუალედურ სამთო მომზადების ზაფხულის კურსში მონაწილეობა 21 სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. ქართველ ჯარისკაცებთან ერთად სამთო წვრთნა შვედმა, ბელარუსმა, ჩეხმა, აზერბაიჯანელმა და სომეხმა სამხედრო მოსამსახურეებმა გაიარეს.

კურსი ოთხი კვირის განმავლობაში სამ ეტაპად მიმდინარეობდა. თავდაპირველად მონაწილეები აბულის სამთო სასროლეთზე მაღალ მთაში სროლის უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. მეორე ეტაპი ყაზბეგის მთაზე, დაბა სტეფანწმინდაში, ზღვის დონიდან 4 200 მეტრის სიმაღლეზე დალაშქვრას დაეთმო. პირადმა შემადგენლობამ ყინულოვან რელიეფზე გადაადგილების, ნაპრალების გადალახვისა და დაზარალებულის აღმოჩენა-ევაკუაციის უნარ-ჩვევები შეისწავლა.

სწავლების მესამე ეტაპი საჩხერეში, სხვადასხვა სასწავლო უბანზე ჩატარდა. სამხედრო მოსამსახურეებს დამხმარე ინსტრუქტორების რანგში, სასწავლო უბნების ტექნიკურად სწორად გამართვა ევალებოდათ. დასასრულს, კურსის მონაწილეებს შემაჯამებელი ტესტირებაც ჩაუტარდათ.