კომბინირებული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018
9 აგვისტო 2018

მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018" ფარგლებში, ვაზიანში, კომბინირებული სწავლება გაიმართა. ქართველმა, ამერიკელმა, ბრიტანელმა და უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის  ვერტმფრენით „შავი ქორი" და „დელტას" მიერ წარმოებული ქართული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანით „დიდგორი“ იმოქმედეს.  

სცენარის მიხედვით, უკრაინელი სამხედროების მიერ საცეცხლე მხარდაჭერის უზრუნველყოფის შემდეგ, საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა პირობით მოწინააღმდეგეს შეუტიეს. ქართველმა ჯარისკაცებმა ბრიტანელ და უკრაინელ სამხედროებთან ერთად შენობების მოწინააღმდეგისგან გათავისუფლების ოპერაცია განახორციელეს.

ოპერაციის ფარგლებში, პირობითად დაშავებულის ბრძოლის ველიდან ევაკუაცია  კი, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანით „დიდგორი“ და საქართველოს შეიარაღებაში არსებული UH1H ტიპის ვერტმფრენით „იროკეზი" მოხდა.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს.

ვიდეო რეპორტაჟი