სწავლებაში მონაწილე გერმანული ტექნიკა და პირადი შემადგენლობა საქართველოშია
28 ივლისი 2018

მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილე ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში სრული შემადგენლობით ჩამოვიდნენ.

წლევანდელ სწავლებაში გერმანული მხარე უფრო მასშტაბურად არის წარმოდგენილი. მნიშვნელოვნად გაზრდილია პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა.

ვაზიანში, V საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია გერმანიის ბუნდესვერის სამხედრო ტექნიკაც. გერმანული ტექნიკა, რომელიც ძირითადად ქვეითი საბრძოლო მანქანებითა და ჯავშანტექნიკით არის დაკომპლექტებული, საზღვაო გზით ქალაქ ფოთში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან შემოვიდა. ვაზიანში ტრანსპორტირება კი, ფოთიდან სარკინიგზო გზით განხორციელდა.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“ 1-დან 15 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნები ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

ვიდეო რეპორტაჟი