გერმანული დელეგაცია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში
18 ივლისი 2018

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საჰაერო ძალების წარმომადგენლები ეწვივნენ. დღეს მათ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB ადამიანური რესურსების მართვის თემაზე სემინარი ჩაატარეს. სემინარს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ტრენინგი მიზნად გერმანული მხარის გამოცდილების გაზიარებას ისახავდა.

კურსის ფარგლებში, გერმანული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საჰაერო ძალების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ჰანს რიჩარდ ფრეველმა და სხვა სტუმრებმა მონაწილეებს სამხედრო უწყებების ორგანიზაციული განვითარების პროცესში ადამიანური რესურსების როლსა და ოპტიმალურად მართვის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. გერმანელები მსმენელებს სტრატეგიული პოლიტიკური გადაწყვეტილებების კონტექსტში სამხედრო უწყებების ორგანიზაციულ სტრუქტურაზეც ესაუბრნენ და ქართულ მხარეს ტრენინგების სისტემის მოდელი გააცნეს. 
სემინარის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა და გერმანიის საჰაერო ძალების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ჰანს რიჩარდ ფრეველმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს. ნუკრი გელაშვილმა თავდაცვის სფეროსა და DIB   სკოლის ჩამოყალიბების საქმეში გერმანიის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა და გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა. 
შეხვედრას საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოზეფ ნოლტე და სკოლის გერმანელი მრჩეველი, კონრად ვუდკე დაესწრნენ. 
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საჰაერო ძალების წარმომადგენლები საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში იმყოფებიან. ვიზიტის განმავლობაში ისინი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ნუკრი გელაშვილს შეხვდნენ; ასევე სამუშაო შეხვედრა გამართეს DIB სკოლის ხელმძღვანელობასთან.

ვიდეო რეპორტაჟი