GDRP-T-ის პირველი როტაციის კულმინაციური საველე სწავლება
11 ივლისი 2018

ნორიოს საწვრთნელ არეალში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის ფაზაში (GDRP-T), IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის კულმინაციური შემაჯამებელი სწავლება მიმდინარეობს.

ერთკვირიანი საველე წვრთნის განმავლობაში 43-ე ბატალიონმა თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები შეასრულა. რეალურთან მიახლოებული სიმულაციური სცენარის მიხედვით, ბრძანების მიღების შემდეგ ქვედანაყოფმა ოპერაციის რაიონში ტაქტიკური მართვის ცენტრი მოაწყო, საიდანაც შესაბამისი ოპერაციები წარიმართა. ბატალიონის პირად შემადგენლობას შეტევის განხორციელება მოუწია, დაიკავა მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული ობიექტები და თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნებაზე გადავიდა. მოწინააღმდეგის მხრიდან განხორციელებული შეტევისას დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა.

სწავლებისას საწვრთნელმა ქვედანაყოფმა უპილოტო საფრენი აპარატი მოწინააღმდეგის გამთამაშებელი ძალის ადგილმდებარეობისა და შემადგენლობის დასადგენად გამოიყენა.

შემაჯამებელ საველე წვრთნებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ამერიკელ კოლეგებთან ერთად ატარებს. ინსტრუქტორების შეფასებით, ოპერაციის რაიონში 43-ე ბატალიონმა დაკისრებული ამოცანა წარმატებით შეასრულა.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.

ვიდეო რეპორტაჟი