თავდაცვის სამინისტრო ჰიბრიდული ომის თემაზე სიმპოზიუმს მასპინძლობს
12 ივნისი 2018

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და აშშ-ის თავდაცვის ატაშატის ორგანიზებით, ჰიბრიდული ომის თემაზე სიმპოზიუმი დაიწყო.

ღონისძიება გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა გახსნეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. 


სიმპოზიუმის მიზანი ჰიბრიდული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. სამი დღის განმავლობაში აშშ-ის გაერთიანებული სპეციალური ოპერაციების უნივერსიტეტის, სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპის სრულყოფის ცენტრისა და საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები სამხედრო მოსამსახურეებს ჰიბრიდული ომის სპეციფიკასა და მომდინარე საფრთხეებზე, ასევე, მათთან გამკლავების საშუალებებზე მნიშვნელოვან ინფორმაციებს მიაწვდიან. დისკუსიების ფარგლებში ყურადღება ჰიბრიდული ომის ფონზე, სპეციალური ოპერაციების ძალების როლსა და პასუხისმგებლობაზე გამახვილდება. 


სიმპოზიუმში საქართველოსა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების გარდა, უკრაინელი, მოლდოველი და რუმინელი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ იმართება. პარალელურ რეჟიმში კი, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს.

ვიდეო რეპორტაჟი